გენტში მიღებული გაკვეთილებიდან ისწავლა | ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე
ბელგიური გამოცემა Walfoot-ი გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიაში გატარებულ წლებს იხსენებს და ფეხბურთელის წარმატებულ ინგლისურ კარიერაზე წერს.
2019-21 წლებში „ჩაკვემ'' ბელგიურ კლუბში ყველა ტურნირის ჩათვლით 81 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი შეასრულა.
„გიჟური წელი ბელგიის ლიგის ყოფილი ტალანტისთვის. გახსოვთ გიორგი ჩაკვეტაძე? 2017 წელს „გენტმა’’ 1,5 მილიონ ევროდ თბილისის „დინამოდან’’ შეიძინა. მის ბელგიურ კარიერას აღმასვლა და დაღმასვლა, პროგრესი და რეგრესი ახლდა. ჩანს, რომ „გენტში’’ მიღებული გაკვეთილებიდან ისწავლა. საწყისი 1,5 წელი წარმატებული იყო, Transfermarkt-ზე მისი ფასი 9 მილიონ ევრომდე გაიზარდა. მუხლის ტრავმის შემდეგ პერსპექტიული მოთამაშის აჩრდილი იყო. ბელგიურმა კლუბმა „ჰამბურგში’’, „სლოვანსა’’ და „უოტფორდში’’ გაანათხოვრა.
2024 წელს ჩემპიონშიფში 86 საგოლე შანსი შექმნა, რაც საუკეთესო შედეგია. „უოტფორდს’’ ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრაში უნდა დაეხმაროს’’.
Watford's Giorgi Chakvetadze created 86 chances in the Championship throughout 2024 - the most of any player across the entire EFL. #WatfordFC pic.twitter.com/xpM3cJCMZI
— Nathan (@nathanevans94) December 31, 2024
ტომ ქლევერლის გაწვრთნილი „უოტფორდი’’ ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის, თუმცა ბოლო პერიოდში აშკარა კრიზისშია. ბოლო ხუთი ტურიდან 4 დათმო, მხოლოდ 1 მოიგო, 47 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა სიმჭიდროვეა და საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ადგილზე გასული გუნდები ფლეი-ოფის გზით პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებენ.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში ითამაშა, ყოველთვის სასტარტოში იყო, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, მისი კრეატივი და ტექნიკა „უოტფორდის’’ თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ცხადია მისი საგოლე პასების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, მისი თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ.