გოგას ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა | ორლანდო აუტსაიდერთან დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საშინაო კედლებში NBA-ის მიმდინარე სეზონში მეხუთედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და გამთენიისას, დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „იუტა ჯაზთან“ წააგო - 92:105.
ბითაძემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 28 წუთი და 43 წამი გაატარა. გოგა ახლოს იყო, მიმდინარე რეგულარულში მე-15 ორმაგი დუბლი გაეფორმებინა, მაგრამ ერთი ქულა დააკლდა და მატჩი 9 ქულით, 11 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.
ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ბითაძემ 4-დან ვერც ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა და 11-დან 5 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა. გოგას პასივში 2 პერსონალური ფოლი და ამდენივე დაკარგვა იყო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა ჯეტ ჰოვარდმა დააგროვა. უენდელ კარტერ ჯუნიორმა 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, კოულ ენტონიმ - 12 ქულა. „იუტას“ მხრიდან საუკეთესო ბრაის სენსაბო იყო - 27 ქულა, 3 მოხსნა. კოლინ სექსტონმა 20 ქულა გააკეთა, უოკერ კესლერმა კი 10 ქულა და 17 მოხსნა გაიფორმა.
ცნობისთვის, „მეჯიქს“ 21 მოგება და 16 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციას იკავებს. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 იანვარს გამართავს და „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდება.