მამარდა ბრუნდება! - ქართველმა მეკარემ გუნდთან ერთად ივარჯიშა
რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაუბრუნდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
„ვალენსიამ“ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობს ქართველი მეკარე თანაგუნდელებთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილმა დეკემბრის დასაწყისში, „რაიო ვალეკანოსთან“ მიღებული ტრავმა მოირჩინა და ახლა უახლოესი შეხვედრებისთვის აქტიურად ემზადება.
გიორგი მამარდაშვილმა ტრავმის გამო ლა ლიგის ბოლო 4 შეხვედრა გამოტოვა - „ვალიადოლიდთან“, „ესპანიოლთან“, „ალავესთან“ და მადრიდის „რეალთან“.
„ღამურებს“ უახლოესი მატჩი 7 იანვარს, კოპა დელ რეიზე „ელდენსეს“ წინააღმდეგ ელით და დიდი ალბათობით, მამარდაშვილი ამ მატჩის განაცხადში იქნება. ლა ლიგაში კი „ვალენსია“ მომდევნო თამაშს 11 იანვარს, სტუმრად „სევილიასთან“ ჩაატარებს.