TEAMtalk: „მან. იუნაიტედმა და ნაპოლიმ შესაძლოა, კვარაცხელია და რაშფორდი გაცვალონ“
ცნობილი ბრიტანული გამოცემა Team Talk-ი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ნაპოლის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და ამტკიცებს, რომ გუნდები ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ნეაპოლურმა გუნდმა „წითელ ეშმაკებს“ მარკუს რაშფორდის სანაცვლოდ ხვიჩა კვარაცხელია დაუთმოს, თუმცა, გარიგების სანაცვლოდ დამატებით კიდევ 30 მილიონ ევროს მოითხოვს. Team Talk-ის ჟურნალისტი წერს, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე გამართეს, თუმცა, იანვარში გარიგების განხორციელების შანსი დაბალია.
ასევე, განიხილება ვერსია, რომ „ნაპოლიმ“ ინგლისელი შემტევი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს და ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერულ გუნდში სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვას.
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე მარკუს რაშფორდი 55 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხვიჩა კვარაცხელია კი 85 მილიონ ევროდ.