მეცამეტე სუპერ თასი - პსჟ-მ მონაკოს აჯობა
კატარის დედაქალაქ დოჰაში „სთედიუმ 974“-ზე გამართულ საფრანგეთის სუპერ თასის დაპირისპირებაში „პარი სენ-ჟერმენმა“ პრინციპულ მეტოქეს, „მონაკოს“ 1:0 აჯობა და ეს ჯილდო არსებობის ისტორიაში მეცამეტედ მოიპოვა. გამარჯვების მომტანი ბურთი არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე დამატებულ წუთზე უსმან დემბელემ ფაბიან რუისის პასით გაიტანა.
უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ეს ამ გუნდებს შორის მეორე მატჩი იყო და პირველის მსგავსად, ამჯერადაც დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს. 2024 წლის 19 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მონეგასკებმა“ პარიზელებს საკუთარ სტადიონზე ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა და 2:4 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ „სენ-ჟერმენის“ ესპანელი მთავარი მწვრთნელისთვის ლუის ენრიკესთვის ამ გუნდში ეს რიგით მეოთხე ტიტული იყო - წინა სამი მან შარშან მოიგო.
ლიგა 1-ის გათამაშებას პსჟ წელსაც დამაჯერებლად ლიდერობს და თექვსმეტი ტურის შემდეგ მეორე პოზიციაზე მყოფ „მარსელთან“ 10-ქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა ზღვისპირელებს მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „იუვენტუსის“ სახით ევროპის ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ ორი კლუბია დარჩენილი, რომელიც შიდა ჩემპიონატში ჯერჯერობით წაუგებელია.