სუარესის გმირობა - ადამიანს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
ლუის სუარესმა ადამიანი, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა, სიკვდილს გადაარჩინა. სამშობლოში დასასვენებლად ჩასული „ინტერ მაიამის“ ურუგვაელი ფორვარდი განსაკუთრებული შემთხვევის მოწმე გახდა. ქალაქ სიუდად-დე-ლა-კოსტაში 49 წლის მამაკაცი 6-მეტრიან ხეზე ავიდა და მეუღლის ნახვას ითხოვდა, რომელიც სახლის კარს არ უღებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
საინტერესოა, რომ მამაკაცმა ღამე ოჯახური ძალადობის განყოფილებაში თავად დარეკა და საკუთარი განზრახვის შესახებ შეატყობინა. ამის შემდეგ მობილური ტელეფონი გადააგდო და ხსენებულ ხეზე ავიდა, თან კი მხოლოდ სამი კოლოფი სიგარეტი აიტანა. 18 საათის განმავლობაში წყლისა და საჭმლის გარეშე მყოფი ქვემოთ ჩამოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და მისი დარწმუნება საბოლოოდ მხოლოდ სუარესმა შეძლო, რომელიც როგორც ჩანს იცნო და დაუჯერა.
ამჟამად ეს ადამიანი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გადის, რის შემდეგაც გადაწყდება, ახლავე გაანთავისუფლებენ, თუ სპეციალური მკურნალობის კურსი დაენიშნება.