პრინციპული თამაში ფრანგებთან - შავ ლომს პლეი ოფის შანსი აქვს
2025 წელს საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ 11 იანვარს, ევროპის ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრით დაიწყებს. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზის მეტოქე საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელი „ავირონ ბაიონა“ იქნება, რომელსაც „შავი ლომისა“ და ინგლისის „გლოსტერის“ მსგავსად, ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.
მომავალ თამაშში ტრიბუნების შევსებას და გულშემატკივრის მხარდაჭერას ქართველი მორაგბეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან გამარჯვების შემთხვევაში დიდი ნაბიჯი გადაიდგმება პლეი ოფში მოხვედრისთვის, სადაც საქართველოს კლუბს აქამდე არასოდეს უთამაშია. ჩვენი ქვეყნის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მომავალი მოწინააღმდეგის შესახებ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.
რას წერენ ფრანგებზე
„ბაიონა“ ამავე დასახელების ბასკურ ქალაქში 1904 წელს დაარსდა და პირველ წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში პირველად 1913 წელს გავიდა და ოქროს მედლები მოიპოვა, 1934 და 1943 წლებში კი ეს მიღწევა კიდევ ერთხელ გაიმეორა.
კლუბი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ახლოს კიდევ ოთხჯერ იყო, მაგრამ 1922, 1923, 1944 და 1982 წლებში ფინალში დამარცხდა. სამაგიეროდ წარმატებით ასპარეზობდა პრო D 2-ში და ორჯერ, 2019 და 2022 წლებში გაიმარჯვა.
მიმდინარე სეზონში „ბაიონა“ ტოპ 14-ში წარმატებულად ასპარეზობს და თოთხმეტიდან ცხრა თამაში მოიგო. ჩელენჯ თასის პირველ ტურში „სკარლეტსი“ (17:16) დაამარცხა, მეორეში კი „ედინბურგთან“ (12:52) წააგო.
სხვადასხვა პერიოდში ამ გუნდში არაერთ ქართველ მორაგბეს უთამაშია. ესენი არიან გელა აფრასიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გიორგი ჟღენტი, დავით ხინჩაგიშვილი, ავთანდილ კოპალიანი, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლუკა ჭელიძე და იოანე იაშაღაშვილი. „ბაიონას“ ახალგაზრდულ გუნდში ამჟამად კი ნიკოლოზ ლომიძე და ძმები, ლაშა და ბადრი ციხისთავები ასპარეზობენ.
შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ – „ბაიონას“ შეხვედრა მომავალ შაბათს, 11 იანვარს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 19:15 წუთზე დაიწყება.