21 მლნ მიქაუტაძის სანაცვლოდ | ლიონმა გალას კვლავ უარით უპასუხა
Telefoot-ის ჟურნალისტის, საბერ დიფაღშის ცნობით, „გალათასარაიმ’’ „ლიონს’’ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის თაობაზე მორიგი წინადადებით მიმართა. თურქული კლუბი მზადაა ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნული თანხა ფეხბურთელის ბონუსებსაც მოიცავს, თუმცა „ლიონმა’’ ამ წინადადებას უარით უპასუხა.
მას შემდეგ რაც მაურო იკარდიმ მძიმე ტრავმა მიიღო, „გალათასარაი'' ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობს და ნომერ პირველი სამიზნე მიქაუტაძეა.
„მონპელიესთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ „ლიონის'' დატოვებას არ აპირებს. ზოგადად რთული წარმოსადგენია 24 წლის ფეხბურთელი თურქეთში თამაშს დათანხმდეს, თუმცა მეორეს მხრივ ფაქტია, რომ „გალათასარაი'' არ ნებდება და ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.
მიქაუტაძემ, რომელიც დეკემბრის თვის „ლიონის'' საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.