16 ქულა და 5 მოხსნა - შერმადინი ბილბაოსთან MVP გახდა
კალათბურთში, ACB ლიგის მე-15 ტურში „ტენერიფემ'' „ბილბაოს'' 86:75 მოიგო.
„ტენერიფეს’’ მთავარმა მწვრთნელმა ხესუს ვიდორეტამ გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ათამაშა. 35 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 23 წუთში 16 ქულა ჩააგდო და 5 მოხსნა შეასრულა. მასზე შედეგიანი მხოლოდ ერთი მოთამაშე, 41 წლის ბრაზილიელი მარსელო უერტასი იყო, რომელიც „ტენერიფეს'' 18 ქულითა და 9 პასით დაეხმარა.
უერტასისა და შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 იყო და ორივე მოთამაშე მატჩის MVP გახდა.
მატჩის გამორჩეულ ეპიზოდებში შერმადინის თამაშის ორი მომენტი მოხვდა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ტენერიფემ'' 15 ტურში 22 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და ლიდერ „უნიკახას'' 2 ქულით ჩამორჩება. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში მეოთხეადგილოსან მადრიდის „რეალთან'' სტუმრად ითამაშებს (12 იანვარი).
შეგახსენებთ, მე-14 ტურში „ტენერიფემ’’ შინ „სარაგოსას’’ 106:97 მოუგო. შერმადინი იმ მატჩშიც სასტარტო ხუთეულის მიღმა იყო, 16:04 წუთში 8 ქულა ჩააგდო და 2 მოხსნა შეასრულა. მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის, „სარაგოსას’’ მთავარმა მწვრთნელმა პორფირიო ისაკმა ქართველი მოთამაშე შეაქო: „თუ მარსელინიოსა და შერმადინს ჯარიმების სროლის შესაძლებლობას მივცემთ, ისინი ამ შანსს ყოველთვის გამოიყენებენ''.