„ძველ დონეზე ჯერ არ ვართ, მაგრამ ზედიზედ ორი მოგება მახარებს“ - გუარდიოლა
„მანჩესტერ სიტიმ“ ოქტომბრის შემდეგ პირველად ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო - პრემიერლიგი მე-20 ტურში „ქალაქელებმა“ „ვესტ ჰემი“ დაამარცხეს (4:1).
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „სიტის“ თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჯერჯერობით ძველ დონეზე არ დაბრუნებულა.
რა თქვა გუარდიოლამ:
„არა, ჯერჯერობით თამაშის ძველი ხარისხი ვერ დავიბრუნეთ. მოგება სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ არ ვთამაშობთ ისე, როგორც ადრე ვთამაშობდით, და ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს გამარჯვება ძალიან წაგვადგება. რთულ ეტაპს გავდივართ, ამიტომ ეს სამი ქულა გარკვეულ შვებას მოგვიტანს.
ბოლო პერიოდში ცუდი შედეგები გვქონდა, თუმცა ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ და სამი მატჩია, არ ვაგებთ - ეს კარგია. 8 წარმატებული წელიწადის კვალობაზე თუ თვე-ნახევარი ცუდ ფორმაში იქნები, ეს ცუდი არაა“.
შეგახსენებთ, რომ ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 15 მატჩში „სიტის“ 3 მოგება, 3 ფრე და 9 მარცხი აქვს. გუარდიოლას გუნდი 20 მატჩიშ შემდეგ 34 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ქალაქელები“ 11 იანვარს, ასოციაციის თასზე „სალფორდის“ წინააღმდეგ გამართავენ.