თავისუფლების მედლები - ამერიკაში მესი და მეჯიქ ჯონსონი აღიარეს
ლიონელ მესი და მეჯიქ ჯონსონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან ჯო ბაიდენისგან სპეციალურ ჯილდოს მიიღებენ.
ლეგენდარული ყოფილი კალათბურთელი და არგენტინელი სუპერვარსკვლავი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლებს მიიღებენ, რაც ამერიკაში სამოქალაქო პირებისთვის ორი უმაღლესი ჯილდოდან ერთ-ერთია. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში წერია:
„პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ დიდი ლიდერები რწმენას უნარჩუნებენ და სამართლიანობას და წესიერებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ. მეჯიქმა და ლიონელმა ამერიკა უკეთეს ადგილად აქციეს. ისინი შესანიშნავი ლიდერები და კარგი ადამიანები არიან, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.“
შეგახსენებთ, რომ მეჯიქ ჯონსონი NBA-ს ჩემპიონი ლეიკერსის შემადგენლობაში 5-ჯერ გახდა და ფინალების 3-გზის MVP-ის წოდებაც მიიღო. ის ასევე დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამის გარდა, მეჯიქი წარმატებული მეწარმე და ფილანტროპია, რომელიც თავისი ფონდის საშუალებით დაუცველ საზოგადოებას მხარს უჭერს.
რაც შეეხება მესის, მისი ინტერ მაიამიში გადასვლის შემდეგ, ამერიკაში ფეხბურთი სულ უფრო პოპულარული გახდა და გაცილებით მეტი ბავშვი იწყებს ფეხბურთის თამაშს.
ცნობისთვის, მესის და ჯონსონის გარდა, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალს 17 სხვა ადამიანიც მიიღებს, მათ შორის ცნობილი მსახიობი დენზელ ვაშინგტონი.