ანჩელოტი: “ვინისიუსის გაძევება? ჩვენ ამას გავასაჩივრებთ“
მადრიდის რეალმა ვალენსიას გადადებული მატჩი მოუგო, თუმცა შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მეორე ტაიმში მოედნიდან ვინისიუს ჟუნიორი გააძევეს, რომელსაც კონფლიქტი სტოლე დიმიტრიევსკისთან მოუვიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო და ჟურნალისტებთან შესაბამისი კომენტარიც გააკეთა.
რა თქვა ანჩელოტიმ?
„ეს არ იყო წითელი ბარათი!! გაძევების შემდეგ, გუნდმა იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ძნელია იმის ახსნა, თუ რამდენად ცუდად ვითამაშეთ პირველ ტაიმში და რამდენად კარგად მეორეში. ვინისიუსის ბარათის გასაჩივრებას ვაპირებთ. არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე სანქცია ემუქრება.
სამართლიანად გავიმარჯვეთ. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო. რეალურად, ჩვენ თამაში გაშვებული გოლის შემდეგ დავიწყეთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე და ყველაფერი კარგად არის. პენალტის განმეორებით დარტყმა? დიმიტრიევსკის ფეხი ხაზზე არ ედგა, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბურთს არ შეხებია. ზედიზედ სამი პენალტი ვერ გამოვიყენეთ. პასუხისმგებლობას ავიღებ, თუ ვინ უნდა შეასრულოს შემდეგში..“
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბი ლა ლიგაში გალიდერდა. რეალს 43 ქულა დაუგროვდა და ატლეტიკოს 2 ქულით უსწრებს, ბარსელონას კი ხუთით, თუმცა როხიბლანკოს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.