ბარსა 1:1 წესს დაუბრუნდა - კლუბი სატრანსფერო ბაზარზე თავისუფლად იმოქმედებს
დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „ბარსელონამ“ 1:1 წესი დააფიქსირა და ლა ლიგამ ეს დაუდასტურა. საუბარია ფინანსურ მოცემულობაზე, ფეარ პლეიზე, რაც კლუბს სატრანსფერო ბაზარზე თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს.
რას ნიშნავს 1:1 წესი? კლუბს უფლება ეძლევა წლიური შემოსავლიდან მიღებული თანხის ყოველი ევრო ტრანსფერებში გამოიყენოს. შეიძინოს ის ვინც უნდა და გადაიხადოს იმდენი რამდენის შესაძლებლობაც ექნება. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქამდე ლა ლიგაში არსებული მკაცრი წესების მიხედვით, ნებისმიერი კლუბი შემოსავლის მხოლოდ მესამედს ხარჯავს ტრანსფერებში, რაც ბუნებრივია სატრანსფერო ბაზარზე საქმეს ართულებს.
რაც შეეხება ამჟამად არსებულ პრობლემას - ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირება, ამ მიმართულებით სიახლეები არის, მაგრამ ჯერჯერობით 100%-ით პრობლემა არ მოგვარებულა. ლა ლიგა კლუბს უფლებას აძლევს ორივე მათგანი დაარეგისტრიროს, მაგრამ ჯერჯერობით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას საბოლოო თანხმობა არ მიუცია. მათ პასუხს დღის ბოლომდე ელიან. უახლოეს 24 საათში ყველაფერი უნდა გაირკვეს.
თუ, „ბარსელონამ“ ოლმოსა და ვიქტორის დარეგისტრირებაზე საბოლოო დასტური ვერ მიიღო, კატალონიელები ძალიან უცნაურ და პარადოქსულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან მათ 1;1 წესის მიხედვით, მაგალითად, იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას 100 მილიონად გაფორმება და შემდეგ დარეგისტრირება შეეძლებათ, მაგრამ ზემოხსენებული ორი ფეხბურთელის რეგისტრაციის უფლება არ ექნებათ.
ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.