მას ჩვენთან აღარაფერი აკავშირებს - მაიამიმ ბატლერი მოკვეთა
ჯიმი ბატლერი, რომლის გარეშეც ცოტა ხნის წინ „მაიამის“ წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელი იყო, კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდიდან შვიდი მატჩით მოკვეთეს. „ჰიტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი 35 წლის კალათბურთელს სჯიან პროფესიონალური ეთიკის ნორმების განმეორებითი დარღვევისთვის, რამაც კლუბის იმიჯს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა. ასევე „მაიამის“ შეფები აღნიშნავენ, რომ ბატლერის ბოლოდროინდელი საქციელი მათთვის მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ის მათი გუნდის ნაწილი აღარ არის.
ბატლერმა და მისმა წარმომადგენელმა „მაიამის“ ოფიციალურად მიმართეს, რომ ის რომელიმე გუნდთან გაცვლაში ჩართონ, რადგან აღარ სურს ფლორიდულ კლუბში ასპარეზობა. წამყვანი გამოცემების ცნობით, ჯიმის აყვანით ერთბაშად ექვსი გუნდი, „გოლდენ სტეიტი“, „ჰიუსტონი“, „დალასი“, „ფინიქსი“, „დენვერი“ და „ორლანდოა“ დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე მაღალი შანსი „უორიორსს“ აქვს.
არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება NBA-ს ლეგენდამ ჩარლზ ბარკლიმაც გამოთქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბატლერისა და „მაიამის“ სიტუაცია ზედმიწევნით ჰგავს თავის დროზე კლეი ტომპსონთან დაკავშირებულ ამბებს, რომელსაც „გოლდენ სტეიტმა“ ძველი დამსახურებებისთვის სათანადო მადლობა არ გადაუხადა და მოთამაშე, რომელსაც „უორიორსის“ წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვოდა, აიძულა წასულიყო.