მისი დამატება მარტივი ვერ იქნებოდა - ჰაიდენჰაიმი ბუდუს ტრანსფერზე
ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი სიხარული აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების 30 წლის ფორვარდმა სეზონის პირველ ნახევარში მეორე ბუნდესლიგაში ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშით უმაღლესი ლიგის კლუბების ყურადღება დაიმსახურა, ყველას კი „ჰაიდენჰაიმმა“ აჯობა და ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ბუდუს ახალი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მის შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.
რას წერენ ბუდუზე
დავიმატეთ ფეხბურთელი, რომელიც „კარლსრუეს“ წამყვანი ფიგურა და მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერი გახლდათ. ბუნებრივია, ვერანაირად ვერ იქნებოდა ამ ტრანსფერის განხორციელება მარტივი, მაგრამ როგორც ჩანს კლუბის ხელმძღვანელებმა მაქსიმალურად მოინდომეს.
ქუთაისში დაბადებულმა ზივზივაძემ კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო და თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდის გამოვლის შემდეგ, მთავარ გუნდში მისი დებიუტიც შედგა. თავისი კვალი საქართველოს ჩემპიონატში „ტორპედოსა“ და „სამტრედიაში“ ასპარეზობის დროსაც დატოვა.
საზღვარგარეთაც ნდობა გამოუცხადეს და გარკვეული პერიოდი დანიასა (ესბიერგი) და უნგრეთში (მეზოკოვეშდი, უიპეშტი, ფეჰერვარი) მოუწია საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. მისი ბოლო გაჩერება კი „კარლსრუე“ გახლდათ, სადაც ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი აქვს გატარებული.
ბუდუს უდიდესი როლი მიუძღვის საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაში, რადგან ლუქსემბურგელებთან (2:0) უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ახლა ამ გუნდის მის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია.
ცნობისათვის, ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 57 შეხვედრაში თავი 25 გოლით გამოიჩინა, ხოლო საქართველოს ეროვნულ გუნდში 34 მატჩში მის ანგარიშზე 8 ბურთია.