მოდრიჩის ახალი რეკორდი - ხორვატი ათეულშია
„რეალმა“ გუშინ გამართულ ესპანეთის ლა ლიგის გადადებულ შეხვედრაში სტუმრად „ვალენსია“ 2:1 დაამარცხა, წაუგებელი სერია 6 მატჩამდე გაზარდა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ბუნებრივია, „მესტალიაზე“ გამარჯვება ყოველთვის რთულად მოსაპოვებელია. თუმცა, როდესაც ამას გაფუჭებული პენალტისა და ფეხბურთელის გაძევების ფონზე აკეთებ, ორმაგად დასაფასებელი ხდება. ქამბექის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ბუნებრივია ლუკა მოდრიჩი იყო და ვეტერანი ნახევარმცველი რამდენიმე საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა.
39 წლისა და 116 დღის მოდრიჩი „რეალის“ ისტორიაში გოლის ყველაზე ხანდაზმული ავტორი გახდა და ფერენც პუშკაშის რეკორდი მოხსნა. 1966 წლის 17 აპრილს, ლეგენდარულ უნგრელ ფორვარდს ხიხონის „სპორტინგის“ კარში ბურთი 39 წლის და 15 დღის ასაკში ჰქონდა გატანილი.
„ვალენსიასთან“ ხორვატმა ნახევარმცველმა „ბლანკოსის“ მაისური 561-ედ მოირგო და ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის ათეულში შევიდა. ახლა მოდრიჩის უახლოესი სამიზნე ხოსე ანტონიო კამაჩოა (577) და თუ კარლო ანჩელოტი წელს ხშირად მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას, მეცხრე ადგილზეც გადავა. ლიდერი კი, 741 მატჩით რაულ გონსალეს ბლანკოა.