დისკვალიფიკაცია ემუქრება - მესტალიაზე ვინისიუსს ნერვებმა ისევ უმტყუნა
ესპანეთის ლა ლიგის მატჩი „ვალენსია“ – „რეალი“, რომელიც შემოდგომაზე უნდა გამართულიყო და მომხდარი წყალდიდობის გამო გადაიდო, გუშინ შედგა და სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ყურადღების ცენტრში კი, როგორც „მესტალიაზე“ გამართულ შეხვედრებში ხშირად ხდება, ამჯერადაც ვინისიუს ჟუნიორი აღმოჩნდა.
მატჩის ბოლოს, ერთ-ერთი ეპიზოდისას, „რეალის“ წაქცეული ბრაზილიელი ლეგიონერის წამოყენება „ღამურების“ მეკარემ, სტოლე დიმიტრევსკიმ ცოტა არ იყოს უხეში ფორმით სცადა, ვინი კი პროვოკაციაზე წამოეგო და გიორგი მამარდაშვილის დუბლიორს ხელი ჩაარტყა, რის გამოც ჩრდილო მაკედონელი მაშინვე მოედანზე დაეცა. ამ ყველაფრის ვიდეოგამეორებაზე ნახვის შემდეგ კი, მატჩის მთავარმა არბიტრმა სესარ სოტო გრადომ სამეფო კლუბის მეშვიდე ნომერს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა სრულიად შესაძლებელია მისი სასჯელი ამით არ ამოიწუროს.
მომხდარს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს და მოვლენების განვითარების ორი სცენარი არსებობს. იმ შემთხვევაში თუ ვინისიუსის საქციელი აგრესიად მოინათლა, მას მხოლოდ 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თანაგუნდელებს ლა ლიგის მე-20 და 21-ე ტურებში „ლას პალმასთან“ და „ვალიადოლიდთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
თუმცა, თუ დისციპლინარებმა ვინის უხეშობას თავდასხმის კვალიფიციკაცია მისცეს, მაშინ მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ასცდება და სასჯელი არამხოლოდ ლა ლიგაზე, არამედ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართ ყველა ტურნირზე გავრცელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ბლანკოსს“ ბრაზილიელის გარეშე თამაში „დეპორტივო მინერასთან“ კოპა დელ რეის 1/16 ფინალსა და სუპერ თასზე „მალიორკასთან“ ნახევარფინალში მოუწევს. ორივე მატჩში წარმატების მიღწევის შემთხვევაში ჟუნიორი არც სამეფო თასის მერვედფინალში და არც სუპერ თასის ფინალში იქნება, რაც მართლაც დიდი დანაკლისია.
შეგახსენებთ, რომ თამაშის მიწურულს კაცნაკლულად ყოფნის მიუხედავად, „რეალმა“ ვალენსიელები 2:1 დაამარცხა სატურნირო ცხრილში „ატლეტიკოს“ 2 ქულით გაუსწრო, თუმცა როხიბლანკოს სამეფო კლუბთან შედარებით, მატჩით ნაკლები აქვს გამართული.