მარცხი დამატებით დროში | წიტაიშვილის გრანადა კოპა დელ რეის გამოეთიშა
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ საკუთარ კედლებში „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი სტუმრებმა ერთი ბურთი შეაგდეს და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.
წიტაიშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. მე-16 წუთზე, გიორგიმ შორიდან დაარტყა, მაგრამ მისი გასროლა არაზუსტი აღმოჩნდა. მე-60 წუთზე, ქართველ ფეხბურთელს საგოლე გადაცემის გაკეთება შეეძლო. მისი კარგი პასის შემდეგ, „ხეტაფეს“ კარს რეინერი დაემუქრა, მაგრამ სტუმრები ირჟი ლეტაჩეკმა გადაარჩინა.
72 წუთში, წიტაიშვილი ბურთს 28-ჯერ შეეხო და 1 საკვანძო გადაცემა გააკეთა. გიოს 11 პასიდან ზუსტი 5 იყო და 5-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო. მის წინააღმდეგ წესები 3-ჯერ დაარღვიეს და წიტაიშვილის 8 ჩაწოდებიდან ზუსტი მხოლოდ ერთი გახლდათ.
ესპანეთის თასიდან გამოვარდნის შემდეგ, „გრანადა“ ლა ლიგა 2-ზე გადაერთვება. წიტაიშვილის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს და 33 ქულა აქვს. „გრანადა“ მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს, „ბურგოსის“ წინააღმდეგ გამართავს.