კვერნაძის აღიარება იტალიაში | თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა
„ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე იტალიის სერია B-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. მე-19 ტურში, კვერნაძემ „სალერნიტანას“ ულამაზესი ბურთი შეუგდო და გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა.
„შთამბეჭდავი სოლორეიდი და დარტყმა, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა. გიორგი კვერნაძის გოლი სალერნიტანას წინააღმდეგ, დეკემბერში თვის საუკეთესო გახდა“, - ნათქვამია სერია B-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანასთან“ მატჩში გიორგი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0:0 იყო. 63-ე წუთზე, კვერნაძემ „ფროზინონე“ დააწინაურა და საკუთარ ნახევარზე მოპოვებული ბურთით მეტოქის კარი აიღო. 84-ე წუთზე, ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ გამოირჩა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში მეორე ასისტი გაიფორმა. გიორგის გუნდს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს.