„ვრჩები იქამდე, სანამ...“ - კრიშტიანუმ გეგმები გაამხილა
2025 წელს „ალ-ნასრი“ 9 იანვარს, „ალ-ახდუდთან“ საშინაო შეხვედრით დაიწყებს, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ ტრადიციას არ უღალატა და მომავალი თამაშისთვის დასვენების დღეებშიც, ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა. პორტუგალიელ ვარსკვლავს, რომელსაც 5 თებერვალს 40 წელი უსრულდება, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, როგორც ჩანს თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება, რაც თავად რონალდუმაც დაადასტურა.
რას ამბობს კრიშტიანუ
მე და ჩემი ოჯახი საუდის არაბეთში თავს ბედნიერად ვგრძნობთ. აქ დავიწყეთ ახალი ცხოვრება, ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ საქმეს ძველებური პროფესიონალიზმით ვუდგები, მუხლჩაუხრელად ვშრომობ, ვაფასებ კლუბს და მჯერა, რომ ბევრი ტიტულების მოგების გარდა, „ალ-ნასრის“ უკეთესობისკენ შეცვლაც შემიძლია.
ყველაზე მეტად მსურს, ამ გუნდთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, რაც არარეალურად სულაც არ მეჩვენება. მჯერა, რომ ეს წელი როგორც ჩემთვის, ასევე „ალ-ნასრისთვის“ გამორჩეული იქნება და სანამ დასახულ მიზნებს არ მივაღწევ, არსად წასვლას არ ვაპირებ.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 19 შეხვედრაში 16 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.