ლევანდოვსკი პირველზეა - ბარსას მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები
ცნობილმა ვებ-გვერდმა Capology-მ „ბარსელონას“ მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ათეული გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ კლუბის ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკია, რომელიც ყოველწლიურად 33,3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ 36 წლის პოლონელი ფორვარდი მზადაა ზაფხულში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ, ანაზღაურება საგრძნობლად შეიმციროს, რაც „ბლაუგრანას“ დამატებით ფინანსებს გაუჩენს.
ლევანდოვსკისა და მეორე ადგილზე მყოფი ფრენკი დე იონგის (19 მლნ) ხელფასს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, ხოლო მესამე პოზიციაზე რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ანსუ ფატია (13, 9 მლნ), რომელმაც ქრონიკული ტრავმების გამო, გაცემული ავანსები ვერაფრით გაამართლა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უახლოეს პერიოდში კატალონიურ გრანდს დატოვებს. ფატიზე 400 ათასი ევროთი ნაკლებს იღებს ჟიულ კუნდე (13, 5 მლნ), მეხუთე ადგილს კი წლევანდელ სეზონში არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფი რაფინია (12,5 მლნ) იკავებს.
მეექვსე-მეცხრე პოზიციებზე არიან ესპანელი ფეხბურთელები - ფერან ტორესი (10 მლნ), პედრი (9,3 მლნ), დანი ოლმო (9,3 მლნ) და ინიგო მარტინესი (9,3 მლნ), ხოლო მეათე ადგილზე ანდრეას კრისტენსენია, რომლის წლიური შემოსავალიც 9 მილიონ ევროს შეადგენს.