„იუნაიტედის“ ფეხბურთელები ეძებენ ადამიანს, რომელსაც გასახდელიდან ინფორმაცია გააქვს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები თავიანთ რიგებში ეძებენ ადამიანს, რომელსაც გასახდელიდან ინფორმაცია გააქვს.
როგორც Daily Mail-ი წერს, რამდენიმე შემთხვევაში შემადგენლობასთან დაკავშირებით კლუბის გადაწყვეტილებები მედიისთვის იმაზე ადრე ხდებოდა ცნობილი, ვიდრე ამაზე ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდებოდა.
„იუნაიტედის“ ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ ვიღაც ინფორმაციას მესამე პირებს აწვდის და ეს ხდებოდა როგორც ერიკ ტენ ჰაგის კლუბში ყოფნისას, ასევე მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რუბენ ამორიმის დანიშვნის შემდეგაც.
შეგახსენებთ, რომ 19 მატჩის შემდეგ „იუნაიტედი“ 22 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა.
ჯერჯერობით „მანჩესტერ იუნაიტედში“ რუბენ ამორიმის დანიშვნამ გუნდს ვერ უშველა და „წითელი ეშმაკების“ კრიზისი გრძელდება.
მეტიც, 2024 წელს კლუბის ისტორიაში რამდენიმე ანტირეკორდი დაფიქსირდა. მაგალითად, „იუნაიტედმა“ ბოლო 35 წლის განმავლობაში პრემიერლიგაში კალენდარული წელი მე-7 ადგილს ქვემოთ პირველად დაასრულა. 19 მატჩი, 22 ქულა და მე-14 ადგილი. ბოლოს ასეთი რამ 1989/90 წლების სეზონში მოხდა, როდესაც გუნდმა მე-15 ადგილი დაიკავა.