„კონტე ხვიჩას ამაყ რეაქციაში დარწმუნებულია“ - წლის პირველი მატჩის წინ
„ნაპოლი“ 2025 წლის პირველ მატჩს შაბათს, 4 იანვარს სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს. იტალიური პრესის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ანტონიო კონტეს არჩევანია. რომელ შემტევ დუეტს აირჩევს სამიდან? კვარა, ნერეში, პოლიტანო - ვინ დარჩება თადარიგში?
ამ ყველაფრის პარალელურად სიახლეებია ხვიჩას კონტრაქტთან დაკავშირებით.
La Repubblica-ს ცნობით, კვარაცხელია ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობს, რადგან კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე შედარებით მშვიდად მიმდინარეობს და მხარეები მალე საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწევენ.
„კვარაცხელიამ, ნერეშმა და პოლიტანომ სპრინტი უნდა განაგრძონ, თუ რომელი მათგანი დაიწყებს სასტარტოდან ფიორენტინასთან. კონტე ამის შესახებ ბოლომდე იფიქრებს და ის ხვიჩას ამაყ რეაქციაში დარწმუნებულია, რომელიც ახლა კიდევ უფრო მოდუნებული და მშვიდი იქნება ბოლოდროინდელი სიახლეებიდან გამომდინარე, რომელიც მის კონტრაქტს უკავშირდება.
მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ნაპოლი პრაქტიკულად ემზადება, რომ უზრუნველყოს ყველაფერი. ხელშეკრულება 2028 წლამდე გაგრძელდება და კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება“.
- წერს La Repubblica.
ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica არაფერს წერს იმის შესახებ, მოხდა თუ არა შეთანხმება გამოსასყიდ თანხაზე, რომელსაც მამუკა ჯუღელი ასე დაჟინებით ითხოვდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. რიგი წყაროების თანახმად, კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ჩაიწერება, თუმცა ამ ინფორმაციას ყველა არ ადასტურებს.
რაც შეეხება ნეაპოლელთა წლის პირველ მატჩს, კონტეს გუნდს ვინჩენცო იტალიანოს „ფიორენტინასთან" რთული გასვლა ელის. ფლორენციელები ამ სეზონში დამაჯერებლად გამოიყურებიან და ამჟამად 17 შეხვედრის შემდეგ 32 ქულა აქვთ. „პარტენოპეიზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული და შაბათს გამარჯვების შემთხვევაში მათთან ჩამორჩენას პოტენციურად 3 ქულამდე შეამცირებენ.