გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილი ოლიმპიაკოსში? | შესაძლოა, ბერძნულმა კლუბმა შეიძინოს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პირეოსის „ოლიმპიაკოსს’’ „სარაევოს’’ ქართველი შემტევის, გიორგი გულიაშვილის დამატება სურს. ბერძნული წყაროები ინფორმაციას ვებგვერდ Transferfeed-ზე დაყრდნობით ავრცელებენ. CrystalSport-ის ცნობით, ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და შესაძლოა ბერძნულმა კლუბმა ქართველი მოთამაშე შეიძინოს. ყველაფერი უახლოეს პერიოდში უფრო ნათელი გახდება.

„ოლიმპიაკოსის'' მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარია, საბერძნეთის ჩემპიონატში გუნდი პირველ ადგილზეა და პარალელურად ევროპა ლიგაზე თამაშობს. კლუბის მფლობელი ევანგელოს მარინაკისი ასევე ფლობს პორტუგალიურ „რიუ ავესა'' და ინგლისურ „ნოტინგემს''. ასევე გეტყვით, რომ „ოლიმპიაკოსი'' კონფერენს ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.

გულიაშვილი, რომელმაც გასული თვის მიწურულს „სარაევოსთან'' ახალი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, მიმდინარე სეზონში არაერთი კლუბის რადარზე მოექცა. TUTTOmercatoWEB-მა სერია ა-ს „ბოლონიას'' დაუკავშირა, ხორვატულმა წყაროებმა - ზაგრების „დინამოსა'' და „ჰაიდუკს''. ზოგადად, ბოსნიის ჩემპიონატს ბევრი სკაუტი ესწრება და გასაკვირი არაა, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის მიმართ დიდი ინტერესია. ასევე გეტყვით, რომ ტრანსფერის წინ კონტრაქტის გახანგრძლივება მიღებული პრაქტიკაა, რადგან ასეთ შემთხვევაში კლუბი ფეხბურთელს მაქსიმალურად სარფიანად გაყიდის.

23 წლის გიორგი გულიაშვილი ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია, 17 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. მის კარიერაში ამ სეზონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები