ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

კრიზისის დაძლევა ყოველთვის შესაძლებელია | ბუდუს კარიერის საინტერესო ფაქტები

ბუდუ ზივზივაძის დამატება ჩინურ „ჩეციანს’’ სურდა, სხვადასხვა აზიური წყაროები წერდნენ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა არჩევანი საფეხბურთო მხარეზე გააკეთა და 30 წლის ასაკში ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმში'' ითამაშებს.

შოთა არველაძის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე ყველაზე ასაკოვანი ქართველი ფეხბურთელია, რომლის დებიუტი ტოპ ლიგაში შედგება. არველაძემ ლა ლიგაში 35 წლის ასაკში ითამაშა. ბუდუ მალე, 10 მარტს 31 წლის გახდება.

„ჩეციანს’’ 2021-24 წლებში ესპანელი ხორდი ვილიანსი წვრთნიდა, რომელიც წარსულში „ლა მასიაში’’ მუშაობდა და შემდეგ „ბარსა ბ’’-ს მთავარი მწვრთნელი იყო. ახლა ჩინური კლუბი კვლავ ესპანელის, რაულ კანედას მოყვანაზე მუშაობს. კარიერის მიწურულისთვის, როცა საუკეთესო წლები ჩავლილია, ამ კლუბში თამაში საინტერესო ვარიანტი იქნებოდა, თუმცა ახლა, როცა ბუდუ კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, პრიორიტეტი ფინანსური მხარე არ უნდა იყოს, რასაც ფეხბურთელის მამამ ხაზი გაუსვა.

კახა ზივზივაძე:„ჩინური და კორეული გამოწვევები იყო!! დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში!!''

ბუდუსთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფაქტია საინტერესო. 2023 წლის იანვარში, როცა ნახევარი სეზონის უთამაშებელი იყო და „ფერენცვაროშის’’ მეორე გუნდში თამაშოდა, „კარლსრუემ’’ მისი დამატებით შესაძლოა სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ რისკმა გაამართლა და ძალიან დაბალ თანხად, 150 000 ევროდ შეძენილმა ფორვარდმა მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა თავიდან ბუდუს გერმანიაში გაუჭირდა, ბუნდესლიგა 2-ში ჩატარებულ საწყის 22 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, მაგრამ 2023 წლის ნოემბრიდან მოყოლებული მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია, ბუნდესლიგა 2-ის ბოლო 35 მატჩში 23 გოლი შეაგდო, ამ სეზონში კი ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 12 გოლით ლიდერობს.

იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ ან უცხოეთში კარიერა სათანადოდ არ აეწყოთ, ბუდუს კარიერა დასკვნის გამოტანის საშუალებას აძლევთ. ზივზივაძის პირველი უცხოური კლუბი დანიური „ესბიერგი'' იყო, წარუმატებელი პერიოდის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისის „დინამოსა'' და ქუთაისის „ტორპედოში'' ითამაშა და უცხოეთში 25 წლის ასაკში წავიდა. როცა საქართველოდან 25 წლის ასაკში მიდიხარ, ტოპ ლიგაში მოხვედრა ძალიან რთულია, რადგან ტრამპლინის ან ტრამპლინების გავლა გიწევს. იმ  მოთამაშეებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო პროგრესი ვერ აჩვენეს, უნდა ესმოდეთ რომ მონდომებისა და შრომის ხარჯზე ნებისმიერი რთული ვითარებიდან გამოსვლა შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე ბუნდესლიგაში | ბუდუს ახალი კლუბი ცნობილია
ზივზივაძე ბუნდესლიგაში | ბუდუს ახალი კლუბი ცნობილია