ზივზივაძე ბუნდესლიგაში | ბუდუს ახალი კლუბი ცნობილია
CrystalSport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში, კლუბ „ჰაიდენჰაიმში’’ გააგრძელებს, რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ბუდუ კონტრაქტს დღეს, სამ იანვარს გააფორმებს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში „ჰაიდენჰაიმმა’’ 15-დან მხოლოდ 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 11 დათმო. 18 გოლი გაიტანა და 33 გაუშვა. „ჰაიდენჰაიმა’’ ბუნდესლიგაში ბოლო 7 მატჩიდან ყველა წააგო. მოკლედ, გუნდი აშკარა კრიზისშია.
ასევე გეტყვით, რომ დღეს საღამოს ფეხბურთელის მამამ, კახა ზივზივაძემ Facebook-ში დაწერა, რომ ბუდუს მიმართ ინტერესი აზიურ კლუბებს ჰქონდათ, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი ბუნდესლიგაში თამაშზე გააკეთა.
კახა ზივზივაძე: „იყო ჩინური,ასევე კორეული გამოწვევები!! დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში!! ბუდუმ აირჩია ბუნდესლიგა!! მადლობა კარლსრუეს, მადლობა მენეჯერებს, მადლობა საქართველო, მადლობა გია ცეცაძეს, თეიმურაზ ლორთქიფანიძეს, მამუკა ხუნდაძეს ბუდუს გამოწვრთვნისა და სიყვარულისთვის!!! ჩვენ თქვენთან ვართ!!! წინ დიდი ბრძოლებია!!''
მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს'' რიგებში ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ის 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. 2023 წლის ნოემბრიდან მოყოლებული „კარლსრუეში'' სტაბილურად შედეგიანი იყო და მისი ტრანსფერი მოულოდნელი არ ყოფილა.
ასევე გეტყვით, რომ ბუნდესლიგაში შესაძლოა ოთარ კიტეიშვილიც გადავიდეს, მის მიმართ ინტერესი „ჰოფენჰაიმს'' აქვს.