დიდი შრომა და თავდადება | მამარდამ 2024 წელი შეაფასა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა Instagram-ში ვრცელი პოსტი დაწერა, გასული წელი შეაფასა და ისტორიულ წარმატებას, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ხაზი გაუსვა.
„მინდა მადლობა გადავუხადო 2024 წელს, რომელიც მართლაც დაუვიწყარი წელი იყო როგორც ჩემთვის,ასევე საქართველოსთვის. ეს წელი სავსე იყო გამოწვევებით, რომელიც ერთად დავძლიეთ. საქართველოს ნაკრები გავიყვანეთ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსთვის ისტორიაში პირველი იყო. ეს ყველაფერი დიდი შრომისა და თავდადების შედეგია.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მგულშემატკივრობდა და მხარს მიჭერდა მთელი წლის მანძილზე! ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველას გვქონოდეს იმაზე მაგარი წელი ვიდრე იყო 2024''.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა და ფინალურ სტადიაზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. სანაკრებო კარიერასთან ერთად მამარდა კლუბშიც შესანიშნავი იყო და ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულმა კლუბმა „ლივერპულმა'' შეიძინა, ქართველთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და ერთი სეზონით „ვალენსიაში'' გაანათხოვრა.