„საქართველოში ჩასვლით ყველაზე მეტად ვისიამოვნე“ | თოფურიას ინტერვიუ AS-თან
ილია თოფურიამ ესპანურ გამოცემას, AS-ს ინტერვიუ მისცა. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და AS-ის დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
2024 წელი შენი წელი იყო. ჩემპიონი გახდი, ქამარი დაიცავი და UFC-ის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლები. როგორ შეაფასებდი წელს?
„2024 წელს ყველაფერი ახდა, რაც ჩაფიქრებული მქონდა. მთავარ მიზნებს მივაღწიე და დავამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია. უდიდესი ბედნიერება მივიღე და უაღრესად მადლიერიც ვარ. თუმცა, 3 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი წარმოდგენილი მქონდა და არაფერი გამკვირვებია“.
ორი საოცარი ჩხუბი გქონდა ლეგენდარულ მებრძოლებთან და ორივე დაანოკაუტე. რომელი ორთაბრძოლა არის შენთვის გამორჩეული?
„ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი, რადგან რაღაც განსაკუთრებული იყო“.
ორთაბრძოლებსა და სავარჯიშო კემპებს შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობ. აშშ, აბუ დაბი... რომელ ქვეყანაში ჩასვლით ისიამოვნე ყველაზე მეტად 2024 წელს?
„ყველაზე მეტად ვისიამოვნე ჩემს ფესვებთან დაბრუნებით და საქართველოში ჩასვლით“.
ვოლკანოვსკი და ჰოლოუეი ნოკაუტით დაამარცხე. რომელი იყო შენი საუკეთესო დარტყმა?
„ის, რომელმაც ჩემპიონობა მომიტანა“.
რა შეგრძნებაა, როცა შენი პროგნოზები მართლდება და მოძულეებსა და კრიტიკოსებს ადუმებ?
„ყველაფერი, რაც ვივარაუდე, იმ სამუშაოზე, თავგანწირვასა და სავარჯიშო დარბაზში გატარებულ დროზე იყო დაფუძნებული, რომელიც გავიღე. კარგი შეგრძნებაა, მაგრამ პარალელურად, დიდი პასუხისმგებლობაცაა“.
შეგახსენებთ, რომ ილიამ ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა და ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.