რუნიმ პლიმუთი დატოვა
უეინ რუნიმ „პლიმუთი“ დატოვა. ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს, რომლის თანახმადაც მხარეებმა ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალა დაუყოვნებლივ შედის.
რუნისთან ერთად, გუნდს დატოვებენ აგრეთვე მისი თანაშემწე, მაიკ ფელანი და პირველი გუნდის მწვრთნელი, საიმონ აირლენდი.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ უეინსა და მის გუნდს ყველა ძალისხმეისთვის და ვუსურვოთ საუკეთესო მომავალში. ამ დროისთვის კლუბი დამატებით კომენტარს არ გააკეთებს, ხოლო ახალი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ „პლიმუთი“ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ჩაიბარა. ამ დროისთვის გუნდს მხოლოდ 18 ქულა აქვს და ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელოსგან განსხვავებით, უეინ რუნის საფეხბურთო კარიერა ძალიან წარმატებული იყო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მან ინგლისის პრემიერ ლიგა 5-ჯერ, ლიგის თასი 3-ჯერ და სუპერთასი 4-ჯერ მოიგო. ჩემპიონთა ლიგაში, ევროპა ლიგასა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე კი თითოჯერ გაიმარჯვა.