ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - ხვიჩა კონტრაქტს იანვარში გაახანგრძლივებს?

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოს არიან.

გამოცემა წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვამ კლუბის ხელმძღვანელებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და ახალი კონტრაქტი დიდი ალბათობით იანვრის დასაწყისში გაფორმდება.

კონტრაქტის პირობები კი ასეთია: ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივება, წლიურად 6 მილიონი ევრო ბონუსების ჩათვლით და გამოსასყიდი თანხის გაზრდა. ამით, ხვიჩა „ნაპოლიში“ რომელუ ლუკაკუსთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ასევე საგულისხმოა ერთი გარემოება - Corriere-ს მტკიცებით, თუ ხელშეკრულება გახანგრძლივდება, კვარას იტალიური და ევროპული გუნდებისთვის სხვადასხვა გამოსასყიდი თანხა ექნება.

Corriere dello Sport-ი წერს, რომ მხარეებმა ფაქტობრივად ყველა დეტალი შეათანხმეს და ახლა პროცესების დასასრულებლად ერთადერთი რამ არის საჭირო - კონტრაქტზე ხელის მოწერა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ოფიციალური მონაცემებით, მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 107 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები