„თუ ხალხს მისი მარცხის ნახვა უნდა, ბრძოლის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ...“ - მახაჩევი თოფურიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა Yuka MMA-სთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილიასთან ბრძოლას არ განიხილავს, თუმცა, დიდი ინტერესის შემთხვევაში, შესაძლოა ჩხუბის ორგანიზება მაინც შედგეს.
რას ამბობს მახაჩევი:
„ის სხვა წონაში იბრძვის და რომ დავამარცხო, რას მომცემს? მეორე ქამარს არ ავიღებ და ყველა იტყვის, რომ ისევ დაბალი წონის მებრძოლი დავამარცხე“.
„თუ ხალხს მისი წაგების ხილვა სურს, მაშინ შეგვიძლია, რომ ეს მოხდეს. არის თუ არა ეს ფულზე დამოკიდებული? არა, ფულის მხრივ იმას ვიღებ, რაც კონტრაქტში მიწერია. დიდი ფულის მიღება კი მაშინ შეგიძლია, როდესაც ორმაგი ჩემპიონი ხარ და ორ ქამარს იცავ. მაგრამ თუ თოფურიას ვეჩხუბები, ისევ იგივე კონტრაქტი მექნება“.
ისლამ მახაჩევი ჩემპიონის ქამარს 19 იანვარს, UFC 311-ზე არმან ცარუკიანის წინააღმდეგ დაიცავს. ამავე ქარდზე ქამრის დაცვას სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილიც ეცდება, რომლის მეტოქეც ისლამ მახაჩევის თანაგუნდელი, უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
რაც შეეხება მატადორს, ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2024 წლის თებერვალში გახდა, როდესაც მან ამ წონის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა, შემდეგ კი ოქტომბერში, ჩემპიონის ქამარი კიდევ ერთი გამორჩეული მებრძოლის, მაქს ჰოლოუეის დანოკაუტების შემდეგ დაიცვა.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვინ იქნება „მატადორის“ მომდევნო მეტოქე. ჰოლოუეისთან გამარჯვების შემდეგ თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან რემატჩზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა, მოგვიანებით ქართველი მებრძოლის გუნდმა განაცხადა, რომ თოფურია წონის შეცვლას და მსუბუქ წონაში ასვლას განიხილავს, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ამავდროულად, თოფურიამ მახაჩევი რამდენჯერმე გამოიწვია, თუმცა, UFC ამ ბრძოლის ორგანიზებას დიდი ალბათობით, არ აპირებს.