შენარჩუნება პრიორიტეტია - ისევ ბუდუს ტრანსფერზე
„კარლსრუეს“ ქომაგები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას მოლოდინთან ერთად, დიდი შიშით ხვდებიან. მოლოდინი არსებობს იმისა, რომ კლუბი პრობლემურ პოზიციებს გააძლიერებს. თუმცა, ამავდროულად არის რეალური შანსი იმისა, რომ ბადენელები წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვონ, რომელთა შორისაც უპირველეს ყოვლისა ბუდუ ზივზივაძე მოიაზრება.
გუნდის სპორტული დირექტორი სებასტიან ფრაისი მთავარ მწვრთნელ კრისტიან აიხნერს უკვე რამდენჯერმე შეხვდა, სადაც მათ განიხილეს ის შემოთავაზებები, რომლებიც 30 წლის ქართველი ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით მიიღეს, თუმცა გერმანულ სპორტულ პრესაში ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციები არ ვრცელდება. კარგი დასაწყისის შემდეგ, „კარლსრუეს“ ბოლო პერიოდში ჩავარდნა დაეწყო, რის გამოც გუნდი ბუნდესლიგაში აღზევების ისეთივე ფავორიტად აღარ მიიჩნევა და ამან შესაძლოა ზოგიერთ მოთამაშეს წასვლისკენ უბიძგოს. თუმცა, ბუდუ გამონაკლისია და არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც გუნდის შეფები მის შენარჩუნებას ეცდებიან.
სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ზივზივაძე და მისი თანაგუნდელები 4 იანვრიდან შეუდგებიან, როდესაც ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში შეკრებას დაიწყებენ, მეორე ბუნდესლიგას კი 19 იანვარს, „ნიურნბერგთან“ მატჩით განაახლებენ.