Crysalsport-ის წლის ბოლო ნომინანტი - ხარებაშვილი ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელ სეზონში Crystalsport-მა შიდა საფეხბურთო ჩემპიონატის დონის ამაღლებისა და ფეხბურთელებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქცია წამოიწყო. სეზონის მანძილზე, თითოეულ თვეში სახელდებოდა სახელდებოდა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კომპანიისგან ჯილდოს სახით 5 000 ლარს იღებდა, ბოლო ნომინანტი კი „გაგრას“ შემტევი ტიპის ნახევარმცველი გიორგი ხარებაშვილი გახდა.
ამ შემთხვევაში, რადგანაც ჩემპიონატი დეკემბერში დასრულდა და ორი ტური ამ თვეშიც გაიმართა, შეფასების დროს მხედველობაში ზამთრის პირველ თვეში გამართული მატჩებიც მივიღეთ. ამ პერიოდის მანძილზე ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ხარებაშვილმა შედეგიანი მოქმედების გარეშე მხოლოდ ერთი დატოვა და 4 გოლის გატანასთან ერთად, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა და „გაგრას“ დაეხმარა დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტებთან, „დინამო თბილისთან“ (1 გოლი), „თელავთან“ (1 გოლი, 1 საგოლე პასი) და „სამტრედიასთან“ (1 გოლი, 1 საგოლე პასი) მოპოვებულ გამარჯვებებში.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში Crystalsport-ის ლაურეატები გიორგი ხარებაშვილის გარდა, ტაირელ ვაუტერი (დილა, მარტი), გიორგი კოხრეიძე (იბერია, აპრილი), ბიორნ იონსენი (ტორპედო, მაისი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი, აგვისტო), ლუკა ხორხელი (სამგურალი, სექტემბერი) და შეიკნე სილა (იბერია, ოქტომბერი) გახდნენ.