ოლიმპიურის მსგავსად, 2024 წლის პარალიმპიური თამაშებიც ხარისხობრივად საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გამოდგა. საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ წლის მთავარ სპორტულ შეჯიბრებაში ქართველმა პარასპორტსმენებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგეს. ყველაზე სასიამოვნო კი შემდეგი ფაქტია - სპორტის 6 სახეობა და მედლები ექვსივე სახეობაში, 14 მონაწილიდან კი 9 პრიზიორი გახდა. შეჯიბრების მონაწილე 180 ქვეყნიდან საქართველოსა და ჩინეთის სახით მხოლოდ ორი იყო ისეთი, რომლის წარმომადგენლებიც კვარცხლბეკზე სპორტის თითოეულ სახეობაში ავიდნენ.
საუკეთესო შედეგი პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელიც პარალიმპიური ჩემპიონი გახდა. ქართველმა ათლეტმა ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ოჩხიკიძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მძლეოსანია, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში როგორც ოლიმპიადაზე, ასევე პარალიმპიადაზე მედალი მოიპოვა. მის გამოსვლას თავდაპირველად მცირე გაუგებრობა მოჰყვა და მიღწეული შედეგი გაუნულეს. თუმცა, დეტალური განხილვის შედეგად სამართლიანობა აღდგა და ოჩხიკიძე პარალიმპიურ ჩემპიონად ოფიციალურად გამოცხადდა.
ოთხი ვერცხლის მედლიდან სამი ჩვენი ქვეყნის დელეგაციას პარაძიუდოისტებმა მოუტანეს. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სინჯი ამჯერადაც ვერ დააფიქსირა, რევაზ ჩიკოიძემ მძიმე წონაში ისტორიულ შედეგს მაინც მიაღწია და პრიზიორი ზედიზედ მეორე თამაშებზე გახდა. წლევანდელი ტურნირის მსგავსად, ის ტოკიოშიც ვიცე-ჩემპიონი იყო. ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი, რომლისთვისაც ეს სადებიუტო პარალიმპიადა გახლდათ.
პარასროლა ერთადერთი დისციპლინაა, რომელშიც საქართველოს 2008 წლის პარალიმპიური თამაშებიდან წარმომადგენელი ყოველთვის ჰყავდა და მედალი მეხუთე ცდაზე იქნა მოპოვებული. ამის გაკეთება ვლადიმერ ჭინჭარაულმა შეძლო, რომელიც პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ოთხი ბრინჯაოს მედლიდან სამი მანდილოსნების ანგარიშზეა - ნამდვილი სიურპრიზი და ტურნირის აღმოჩენა გახდა საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, რომელიც საპრიზო მესამე ადგილზე გავიდა.
პარაწოლჭიმში პარალიმპიადაზე პირველი მედალი კი ჩვენ ქვეყანას აკაკი ჯინჭარაძემ მოუტანა, რომელმაც 250 კილოგრამის დაფიქსირებით საკუთარი რეკორდი 8 კილოგრამით გააუმჯობესა. კიდევ ორმა ბრინჯაოს მედალოსანმა, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და ძიუდოისტმა ინა ქალდანმა კი რეკორდები დაამყარეს - ისინი ჩიკოიძესთან ერთად, იმ სამ ქართველ პარასპორტსმენებს მიეკუთვნებიან, რომელთაც მედალი ორ თამაშებზე აქვთ მოპოვებული. ინა ქალდანმა და მისმა მეუღლემ გიორგიმ პარალიმპიური პრიზორობა ერთ დღეს გაინაღდეს, რაც ოლიმპიურ მოძრაობაში უნიკალური შემთხვევა იყო.
პარიზი 2024
გამორჩეული სპორტული მოვლენები
ევრო 2024