„რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე“ | მილანმა ფონსეკა გაუშვა და ახალი თავკაცი ეყოლება
პაულუ ფონსეკა „მილანის“ მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. იტალიელი ჟურნალისტების მიხედვით, „რომასთან“ გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, „როსონერის“ ხელმძღვანელობამ ცვლილებების გატარება გადაწყვიტა და წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფონსეკამაც დაადასტურა.
„დიახ, ეს სიმართლეა. მილანიდან მივდივარ. ცხოვრება ასეთია. ჩემი სინდისი სუფთაა, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“, - განუცხადა 2024 წლის ივნისში დანიშნულმა სპეციალისტმა იტალიურ გამოცემებს.
#Fonseca conferma l'esonero: "Sono uscito dal #Milan"@allmilanit pic.twitter.com/AIesrLNJTS
— Giovanni D'Elia (@GiovanniDElia11) December 29, 2024
ჯანლუკა დი მარციოსა და ფაბრიციო რომანოს მიხედვით, ფონსეკას სერჟიუ კონსეისაუ ჩაანაცვლებს და მისი დანიშვნა უახლოეს საათებში დადასტურდება. პორტუგალიელ სპეციალისტს რამდენიმე წინადადება ჰქონდა, მაგრამ მათზე უარი თქვა, რადგან იცოდა, რომ მისით „მილანი“ ინტერესდებოდა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 18 ტურის შემდეგ, „როსონერი“ სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „მილანს“ 27 ქულა აქვს და „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ 14 ქულით ჩამორჩება.