მამუკელაშვილს არ უთამაშია | სან ანტონიომ მინესოტასთან წააგო
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში მეთექვსმეტედ დამარცხდა. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში წააგო.
„სან ანტონიომ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველ მეოთხედში მეტოქეზე 8 ქულით მეტი გაიფორმა - 33:25. „სპურსს“ მეორე პერიოდში სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და მეოთხედი 12:32 წააგო. ტექსასელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეოთხე მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში „მინესოტამ“ უკეთ ითამაშა.
მამუკელაშვილმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, „სან ანტონიოს“ რიგებში კი საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 34 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება. ჰარისონ ბარნსმა 24 ქულა მიითვალა, დევინ ვესელმა - 22. „მინესოტას“ მხრიდან ყველაზე მეტი, 26 ქულა დონტე დივინჩენცომ ჩააგდო. ენტონი ედვარდსს 14 ქულა ჰქონდა, რუდი გობერმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 17 ქულა, 15 მოხსნა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 16 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 გახლავთ. „სპურსის“ მომდევნო გაჩერება „ლოს-ანჯელეს კლიპერსია“, რომელსაც 1-ელ იანვარს დაუპირისპირდება.