მე-7 ორმაგი ბოლო 9 შეხვედრაში - ფენომენალური ბითაძე და ორლანდოს ქამბექი
გოგა ბითაძე NBA-ში ფენომენალურ ასპარეზობას განაგრძობს - „ორლანდომ“ საკუთარ დარბაზში „ბრუკლინი“ ნამდვილ თრილერში 102:101 დაამარცხა და გამარჯვებაში უდიდესი როლი „მეჯიქის“ ქართველ ლეგიონერს მიუძღვის, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ბოლო ცხრა მატჩიდან ორმაგი დუბლით მეშვიდე შეხვედრა დაასრულა.
მატჩს საოცარი მიმდინარეობა ჰქონდა - დიდ შესვენებაზე „ნეტსი“ 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა და თითქოს „მეჯიქს“ თამაშში დაბრუნება უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ გოგამ და მისმა თანაგუნდელებმა ნამდვილი საოცრება მოახდინეს, რისი ერთ-ერთი უშუალო მონაწილეც 25 წლის ქართველი იყო, გადამწყვეტი ორქულიანი კი საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ენტონიმ ჩააგდო.
ბითაძემ 33 წუთში 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მან ცხრიდან რვა ორქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან ჩაგდება ერთხელ სცადა, მაგრამ მისი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა. მოხსნების რაოდენობით გოგა ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ და თერთმეტიდან ოთხ შემთხვევაში ბურთი თავდასხმაში ასპარეზობისას მოხსნა. მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
20 მოგებითა და 14 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „ორლანდო“ სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს, რომელიც 2 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, 04:00 საათზე დაიწყება.