გუარდიოლას მე-500 მანჩესტერული - სიტიმ სტუმრად ორთვიანი პაუზის შემდეგ მოიგო
ინგლისის პრემიერ ლიგის XIX ტური „მანჩესტერ სიტისთვის“, მისი კატალონიელი თავკაცისთვის და ნორვეგიელი ბომბარდირისთვის წარმატებული გამოდგა. „ქალაქელებმა“ „კინგ პაუერ სთედიუმზე“ „ლესტერი“ 2:0 დაამარცხეს და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს, უშუალოდ სტუმრად კი მანჩესტერელები მოგებას 20 ოქტომბრის შემდეგ, ზედიზედ 8 (7 წაგება, 1 ფრე) შეხვედრა ვერ ახერხებდნენ.
რაც შეეხება გუარდიოლას, „მანჩესტერ სიტის“ მან საიუბილეო, მე-500 მატჩში უხელმძღვანელა და მართლაც რომ შთამბეჭდავი სტატისტიკა უმაგრებს ზურგს - 355 მოგება, 73 ფრე, 72 წაგება, ბურთების შეფარდება - 1213:429-ზე. ესპანელი მწვრთნელი თამაშის შემდეგ განსაკუთრებით კარგ ხასიათზე სამი ქულის მოპოვებასთან ერთად მშრალი მატჩის ჩატარებით გახლდათ, რადგან ბოლო 14 თამაშიდან „მანჩესტერ სიტიმ“ გაშვებული ბურთის გარეშე მხოლოდ ორი დაასრულა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ სავინიო იყო, რომელმაც 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე საგოლე პასი ერლინგ ჰოლანდს მიაწოდა და 5-მატჩიანი უგოლო სერიის დასრულებაში დაეხმარა. 24 წლის ნორვეგიელი ბომბარდირის ანგარიშზე 14 გოლია და მხოლოდ მოჰამედ სალაჰს (16) ჩამორჩება.
დამარცხებული „ლესტერის“ ფანებისთვის კი საგანგაშო სიტუაციაა - ახალი მთავარი მწვრთნელის, რუუდ ვან ნისტელროის ხელმძღვანელობით „მელიებმა“ ზედიზედ ოთხი თამაში ისე წააგეს, რომ მხოლოდ 1 ბურთი გაიტანეს, თავად კი 12 მიიღეს.