ჩაკვეტაძის მეორე გოლი სეზონში - უოტფორდის პირველი საშინაო მარცხი
2024 წელი გიორგი ჩაკვეტაძემ გოლით, ხოლო „უოტფორდმა“ მარცხით დაასრულა, რომელიც წლევანდელ სეზონში ამ გუნდისთვის საშინაო არენაზე პირველი გახლდათ. 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩაკვესა და მის თანაგუნდელებს „ვიკარეიჯ როუდზე“ გამართული 13 მატჩიდან 11 მოგებული ჰქონდათ, 2 კი ფრედ დასრულებული. ეს წარმატებული სერია კი „კარდიფთან“ შეწყდა, რომელმაც სენსაციურად, 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონშიპში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაამთავრა.
შეხვედრა მასპინძლებისთვის შოკისმომგვრელად დაიწყო - „კარდიფის“ ფეხბურთელებმა „უოტფორდის“ მცველებს უყურადღებობა არ აპატიეს და კალუმ რობინსონმა გამოზომილი დარტყმით ანგარიში გახსნა. ბუნებრივია, გონზე მოსასვლელად მასპინძლებს გარკვეული დრო დასჭირდათ და ეტაპობრივად თამაშმა უკვე მეტოქის ნახევარზე გადაინაცვლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, „უოტფორდის“ შეტევების სულისჩამდგმელი გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელიც პასებს კარგად ანაწილებდა და მეტოქე გუნდის მცველებს რამდენჯერმე ეფექტურადაც აუარა გვერდი. პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფს მიუვიდა ბურთი და ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ეს გოლი გიორგისთვის მიმდინარე სეზონში მეორე იყო - პირველად მან პირველ ტურში სტუმრად „მილუოლისთან“ საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა თავი. წესით ამ ყველაფერს მისი გუნდისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეტანა, თუმცა, ზუსტად ოთხ წუთში რობინსონმა შანსი კიდევ ერთხელ გამოიყენა და შესვენებაზე უელსელები დაწინაურებულები გავიდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში ანგარიშში ჩამორჩენილმა „უოტფორდმა“ მოწინააღმდეგეს სერიოზული პრობლემები ვერ შეუქმნა და მხოლოდ ცვლილებაზე შესული კანადელი დენიელ ჯებისონის რეალური მომენტია აღსანიშნავი, რომელმაც პრაქტიკულად ცარიელ კარში ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ ინერტული იყო ჩაკვეტაძეც და მხოლოდ იმით გამოირჩა, რომ 55-ე წუთზე მის წინააღმდეგ უხეშობისთვის ენდი რინომჰოტა გააფრთხილეს.
ამ მარცხის შემდეგ 37 ქულის მქონე „უოტფორდი“ ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა. მომდევნო, 25-ე ტურში ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ ითამაშებენ და შეხვედრა 1 იანვარს, თბილისის დროით, 16:30 წუთზე დაიწყება