„კონტეს შეცვლა აიძულა“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ, ხვიჩა ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი შემტევის თამაში შეაფასა.
რას წერენ სააგენტოები:
Tuttomercatoweb – 5.5 ქულა: სასტარტო შემადგენლობას თავის პოზიციაზე დაუბრუნდა, მაგრამ თავის გაბრწყინება ვერ შეძლო. დროდადრო ანათებდა, მეორე ტაიმის დასაწყისში ცდილობდა, რომ გუნდის თამაში საკუთარ მხრებზე აეყვანა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ხშირად არასწორი იყო და ეპიზოდის დასასრულს ზედმეტად ჩქარობდა. ბოლო არაზუსტი დარტყმის შემდეგ კონტე გაბრაზდა და მაშინვე პოლიტანოთი შეცვალა.
Calcionapoli24 – 5.5 ქულა: მის წინააღმდეგ გამუდმებით უხეშობდნენ, მაგრამ მსაჯი ყველა სიტუაციაში ჯარიმას არ დებდა. ამის მიუხედავად, მან მაინც გააფრთხილა რამდენიმე ფეხბურთელი. ცდილობდა, მოედანზე ხვრელი ეპოვა და გაემწვავებინა, მაგრამ საბოლოოდ კონტე გააბრაზა და ამის გამო მოედნიდან გავიდა.
Calcionapoli1926 – 6.0 ქულა: მუხლის ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და შესანიშნავი მატჩიც ჩაატარა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მან გუნდის თამაში საკუთარ თავზე აიღო, რაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დაცვითი გადაადგილებების შემდეგ მისი შეჩერება შეძლეს. რაღაც მომენტში, ის ცოტათი გაჯიუტდა, რადგან სურდა მარტოს ეთამაშა, ამის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაანიავა, რამაც კონტეს მისი შეცვლა აიძულა.
Sport.Virgilio – 5.5 ქულა: უწყვეტი აღმავლობა და ვარდნა ჰქონდა. ანგისას შესაძლო ასისტი გაუკეთა, თუმცა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. შეტევაში უფრო უკეთ მოქმედება მართებდა, დრიბლინგებში კი ვერ გამოირჩეოდა.
Calciomercato – 6.0 ქულა: ფლანგიდან საჯარიმოსკენ გადახვევა მისი საფირმო მოძრაობაა, მაგრამ მხოლოდ 1 შანსი შექმნა, რომელიც სტანკოვიჩმა მოიგერია. მას სიცხადე აკლდა.
ქართველი შემტევი ბურთს 60-ჯერ შეეხო, 33-დან 30 ზუსტი პასი გააკეთა, აქედან 3 კი საკვანძო იყო. კარისკენ 6-ჯერ დაარტყა - 3-ჯერ ზუსტად, 2-ჯერ არაზუსტად, 1 დარტყმაც კი დაიბლოკა. 4 დრიბლინგის მცდელობიდან 1 ზუსტი ჰქონდა, საშუალოდ, 0.20 საგოლე ეპიზოდი შექმნა, 9-დან 5 პოზიციური დუელი მოიგო, 3-დან 2 საჰაერო დუელში გამოვიდა გამარჯვებული. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ და ორივეჯერ მსაჯმა „ვენეციას“ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. ასევე, ჰქონდა 2 ართმევაც. ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა მისი თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც „ნაპოლიში“ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით მე-17 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ატალანტას“ გაუთანაბრდა, რითაც ბერგამოელებთან ერთად გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.