ნაპოლიმ ვენეციას მოუგო - ხვიჩა 75-ე წუთზე შეცვალეს
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.
მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ, ხვიჩა ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა.
ხვიჩას ყველა ეპიზოდი:
რაც შეეხება შეხვედრას, „ნაპოლის“ ანგარიშის გახსნის შანსი 37-ე წუთზე მიეცა, თუმცა, რომელუ ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
გამარჯვების გოლი კი 79-ე წუთზე, ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევი ბურთს 60-ჯერ შეეხო, 33-დან 30 ზუსტი პასი გააკეთა, აქედან 3 კი საკვანძო იყო. კარისკენ 6-ჯერ დაარტყა - 3-ჯერ ზუსტად, 2-ჯერ არაზუსტად, 1 დარტყმაც კი დაიბლოკა. 4 დრიბლინგის მცდელობიდან 1 ზუსტი ჰქონდა, საშუალოდ, 0.20 საგოლე ეპიზოდი შექმნა, 9-დან 5 პოზიციური დუელი მოიგო, 3-დან 2 საჰაერო დუელში გამოვიდა გამარჯვებული. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ და ორივეჯერ მსაჯმა „ვენეციას“ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. ასევე, ჰქონდა 2 ართმევაც. ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა მისი თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც „ნაპოლიში“ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით მე-17 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ატალანტას“ გაუთანაბრდა, რითაც ბერგამოელებთან ერთად გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.