ლიდერების გარეშე - ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
ოლიმპიური ჩემპიონის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში სამი დღის განმავლობაში ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა და ჩემპიონ-პრიზიორები შვიდივე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები არ მონაწილეობდნენ და მათ არყოფნაში მწვრთნელებმა საქმეში უახლოესი რეზერვის წარმომადგენლები ნახეს.
60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქვეყნის საუკეთესო ძიუდოისტის წოდება შესაბამისად, ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ მოიპოვეს. პაპინაშვილი სპორტიდან ორი წელი წასული იყო და დაბრუნებულმა პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო, რომელიც დაღუპული მამის ხსოვნას მიუძღვნა.
მიხეილ ბახბახაშვილისა და ზაურ დვალაშვილის გამარჯვებით დასრულდა შეჯიბრებები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო 90 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თამაზ კობერიძე ავიდა. რაც შეეხება ბოლო ორ წონას, 100 კილოგრამში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ზაალიშვილმა აჩვენა, ხოლო მძიმეში საბა ინანეიშვილმა პირველობა არავის დაუთმო.