გერმანელების ხარჯზე - სიტი გაძლიერებას აპირებს
უმძიმეს კრიზისში მყოფი „მანჩესტერ სიტი“ იანვარში რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. ამაზე საუბარს არც პეპ გუარდიოლა და არც კლუბის ხელმძღვანელები არ ერიდებიან და თუ აქამდე „ქალაქელების“ ყურადღების ცენტრში მოხვედრილი მოთამაშეების ვინაობა არ ხმაურდებოდა, ახლა ყველაფერი ცნობილი გახდა. დასახელდება სავარაუდო ტრანსფერები, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც მანჩესტერული კლუბი თითქმის ყველა სათამაშო რგოლში გაძლიერდება.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „მანჩესტერ სიტი“ ხუთ ფეხბურთელს იწვევს, რომელთა შორისაც ორი ბუნდესლიგაში თამაშობს და ამავდროულად, გერმანიის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები არიან. საუბარია „ბაიერნისა“ და „ლევერკუზენის“ შემტევებზე, ჯამალ მუსიალაზე და ფლორიან ვირცზე, რომელთაც „რეკორდმაისტერი“ და „ბაიერი“ იოლად არ შეელევიან, თუმცა „ცისფერების“ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათი ინგლისში გადაბარგება არარეალური სულაც არ არის.
რაც შეეხება დანარჩენ სამ მოთამაშეს, საუბარია „კრისტალ პალასის“ მცველ მარკ გეჰიზე და „ნიუკასლისა“ და „სოსიედადის“ ნახევარმცველებზე, ბრუნო გიმარაეშსა და მარტინ სუბიმენდიზე. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, გიმარაეში „სიტიში“ გადაბარგების პერსპექტივით მაინცდამაინც მოხიბლული არ არის, რადგან კარგად ხვდება, რომ ძირითადში მხოლოდ დროებით ექნება და როდრის გამოჯანმრთელებისთანავე თადარიგში გადაინაცვლებს.
18 ტურის შემდეგ 28 ქულით „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და „ფულემსა“ და „ასტონ ვილას“ მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს.