ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

სინერთან ბევრ რამეში მართალია - ჯოკოვიჩმა კირიოსი დაიცვა

მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის იტალიელ ლიდერ იანიკ სინერთან დაკავშირებით 2024 წელს მომხდარ დოპინგ-სკანდალზე სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამენ. მათ შორის ყველაზე კრიტიკული კი, ავსტრალიელი ნიკ კირიოსი გახლდათ, რომელმაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებს საჯაროდ ირონიულად სთხოვა, რომ მისთვის და სხვა ჩოგბურთელებისთვისაც 2025 წელს კლოსტებოლის მიღების ნებართვა მიეცათ, რადგან ყველა თანაბარ პირობებში მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნებოდნენ.

კირიოსის პოზიციაზე აზრის გამოთქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩს სთხოვეს, რომელიც სულ მალე ავსტრალიელთან ერთად წყვილთა თანრიგში ბრისბენის ტურნირზე ითამაშებს, რომელიც 2025 წლის პირველი დიდი სლემის შეჯიბრების, ავსტრალიის ღია პირველობის ერთ-ერთ რეპეტეციად განიხილება.

რას ამბობს ჯოკოვიჩი

საუბარს სინერის გადმოსახედიდან დავიწყებ - რა თქმა უნდა უსიამოვნოა, როდესაც კოლეგის მხრიდან ასეთ კრიტიკას იღებ, მაგრამ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში.

ნიკი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იყო საკმაოდ ხმამაღალი და კრიტიკული, მაგრამ გამჭვირვალობასა და პროცედურების არათანმიმდევრულობას რაც შეეხება, მას ასი პროცენტით ვეთანხმები.

ვიცნობ ბევრ ჩოგბურთელს, რომელიც დისკვალიფიცირებულია არა მისი სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი აკრძალული ნივთიერების გამო, არამედ ტესტის გამოტოვებისთვის, ან მდებარეობის არასწორი მითითებისთვის. ასევე არსებობენ ისეთებიც, რომელთაც უფრო მეტად არ გაუმართლათ და საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში კარიერის საუკეთესო პერიოდს ტოვებენ.

სინერს ბავშვობიდან ვიცნობ და ნამდვილად არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც არასპორტული გზით აირჩევდა წარმატების მიღწევას. თუმცა, ნიკ კირიოსის მსგავსად მეც მიჩნდება კითხვის ნიშნები - რატომ ვიჯექით ჩვენ, მისი კოლეგები სიბნელეში და რატომ არაფერი ვიცოდით მაშინ, როდესაც იტალიელი თავის იურისტებთან ერთად ამ საქმეზე აპელაციის შეტანის დეტალებს გადიოდა?!

ოცი წელიწადია ამ სპორტში ვარ და ჩოგბურთი ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სახეობად მიმაჩნია, რომელშიც დოპინგთან დაკავშირებული თემები ნაკლებადაა და იმედია, მოსაზრება არ შემეცვლება.

შეგახსენებთ, რომ სინერის სისხლში აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი მარტში, ინდიანა უელსის ტურნირის დროს აღმოაჩინეს, თუმცა ის სერიოზულ სასჯელს გადაურჩა და მხოლოდ 300 ათასი ევროთი დააჯარიმეს და 400 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანაირი ორმაგი სტანდარტი არ ყოფილა“ - სინერი თავს იმართლებს
„არანაირი ორმაგი სტანდარტი არ ყოფილა“ - სინერი თავს იმართლებს