წლის შემაჯამებელი ტურნირი - ძალოსნებმა 2024 დახურეს
წინა წლების მსგავსად, საქართველოს ძალოსნობის წელი ქვეყნის თასისა და ლეგენდარული ქართველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირით დაიხურა, სადაც ჩვენი ქვეყნის გარდა, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულ-პრიზიორები კი ტრადიციულად სინკლერის სპეციალური ცხრილით გამოვლინდნენ.
საუკეთესო შედეგი აზერბაიჯანელმა ისა რუსტამოვმა აჩვენა, ხოლო მეორე პოზიცია რევაზ დავითაძემ დაიკავა, რომელიც გარკვეული მიზეზებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტს ახლახანს დაუბრუნდა და დეკემბერში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ათეულში რუსტამოვის გარდა, კიდევ ერთი უცხოელი სომეხი პეტროს პეტროსიანი მოხვდა, დანარჩენი ადგილები კი ქართველებმა გადაინაწილეს.
„კახის თასის“ პარალელურად, გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება. ათი წონითი კატეგორიიდან ორ-ორ წონაში საჩხერელმა, აჭარელმა, თბილისელმა და ქუთაისელმა ძალოსნებმა მოიპოვეს, თითო ოქროს მედალი კი წყალტუბოელ და ჭიათურელ სპორტსმენს დარჩა. თასის მფლობელები საჩხერედან გიორგი დოკვაძე (55 კგ) და გოდერძი ბერდელიძე (61 კგ) გახდნენ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ქუთაისის წარმომადგენლები გურამ გიორბელიძე (67 კგ) და ზაზა ლომთაძე (109 კგ). აჭარის გუნდის წევრებიდან ჩემპიონობა ლომია თებიძემ (89 კგ) და ბაქარ თურმანიძემ (+109 კგ) მოიპოვეს. რაც შეეხება თბილისელებს, მათგან ოქროს მედალი ლევან ოჩიგავამ (81 კგ) და რევაზ დავითაძემ (96 კგ) მოიგო. მანუჩარ ყიფშიძისა (73 კგ) და ლუკა ქაშიბაძის (102 კგ) სახით, ჭიათურასა და წყალტუბოს თითო გამარჯვებული ჰყავდა.