“მიზანი ჩემპიონობა და ჩ.ლიგაზე თამაშია“ - სალომე ხუბულური ლუსოში დაინიშნა
ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სალომე ხუბულური ქსკ ლუსოში იწყებს მოღვაწეობას.
სალომე ხუბულური, ახალ კლუბში გაგა კირკიტაძის ასისტენტი იქნება. რა თქმა უნდა, ის 17-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად რჩება და ახლა, ახალი შემართებით ორივე საქმეს პარალელურად გააკეთებს.
CrystalSport ქალთა ფეხბურთის მნიშვნელოვან სიახლეებს ყოველთვის გთავაზობდათ და გამონაკლისი არც ეს ფაქტი გახლავთ. ჩვენ სალომე ხუბულურს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
პირველ რიგში, როგორ მოხდა თქვენი ლუსოში დანიშვნა? და როგორ წარმოგიდგენიათ თან კლუბში მუშაობა და ამავდროულად 17-წლამდე ნაკრებში?
„პირადად მე ჩემი დიდი ხნის მეგობარი გაგა კირკიტაძე დამიკავშირდა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ ლუსოს მთავარი მწვრთნელია. გაგამ ჩათვალა, რომ ჩემი საქმისადმი სიყვარული და გამოცდილება გამოადგებოდა, რადგან მოგეხსენებათ ქალებთან მუშაობა სპეციფიკურია და თავის სირთულეებთან არის დაკავშირებული. გაგა ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.
ეს ყველაფერი მარტივი არ იქნება, თუმცა სირთულეებს შეჩვეული ვარ. რა თქმა უნდა, ფედერაციის მხრიდან და ასევე ლუსოს მხრიდან მაქსიმალურად არის ხელშეწყობა, რომ არცერთი მხარის ინტერესები არ დაზარალდეს, რაც თავის მხრივ იმაში გამოიხატება, რომ მომცეს კლუბში მუშაობის უფლება, ხოლო კლუბის მხრიდან იმაში, რომ სანაკრებო შეკრებებზე და ასევე სელექციაში ხელი არ შემეშლება, რისთვისაც დიდი მადლობა ალექსანდრე იაშვილს, გაგა კირკიტაძეს და ლუსოს ხელმძღვანელობას.“
რა სიტუაცია დაგხვდათ ლუსოში და რა შთაბეჭდილებები გაქვთ?
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ ნაკრებს უკავშირდება, კლუბში მუშაობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. სიტუაცია ძალიან კარგი და დადებითი დამხვდა, ყველაფერს ძალიან პროფესიონალურად და სერიოზულად უდგებიან.“
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუსო ქართულ ქალთა ფეხბურთში ახალი სიტყვაა და ამ გუნდში ისეთი პირობებია, როგორიც არასდროს, არცერთ სხვა ქართულ ქალთა კლუბში არ ყოფილა.. ამაზე რას იტყვით? რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ გუნდში?
„მომწონს დამოკიდებულება როგორც აღვნიშნე ძალიან სწორი და პროფესიონალური მიდგომა და დამოკიდებულებები აქვთ. რა თქმა უნდა მიზნებიც შესაბამისად საკმაოდ დიდია.“
ლეგიონერებს თუ შეხვდით და როგორ შეაფასებთ მათ?
„სამწუხაროდ ლეგიონერები ჯერ არ მინახავს. 8 იანვარს ვიკრიბებით და მერე გავიცნობ.“
ლუსოს სამომავლო გეგმები და მიზანი შემდეგ სეზონში?
„შეკრება იანვრის ბოლოს იგეგმება თურქეთში. მიზნები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონობაა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მარტივი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ამ გუნდს შესწევს ძალა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.“
შეგახსენებთ, რომ სალომე ხუბულურის ხელმძღვანელობით, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველმა გოგოებმა ჯგუფში ორი მატჩი მოიგეს და შედეგად B ლიგიდან A ლიგაში გადაინაცვლეს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში, 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში იტალიასთან, ხორვატიასთან და ჩეხეთთან ერთად მოხვდა.
ასევე გეტყვით, ლუსოში ისეთმა გამორჩეულმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, როგორებიც ხატია ჭყონია, სოფიკო ნარსია, სვეტლანა გაბელაია, ელენე ენჯიბაძე, ანა პავლიაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, მაია დანგაძე, ირინა ხაბურძანია და თეონა ბაქრაძე არიან. გუნდის სრული შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.