რადარზე ევერტონი გამოჩნდა - მიქაუტაძის ტრანსფერი შონ დაიჩს სურს
მიმდინარე სეზონში ევერტონი არასახარბიელო შედეგებს აჩვენებს. კანფეტები 17 ტურის შემდეგ, 17 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.
აშკარაა, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, Goodisonnews.Com ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ სულ მალე ბეტუ გაიყიდება და მასში აღებული თანხა ახალ ტრანსფერებს მოხმარდება. პორტუგალიელ ფეხბურთელს სერია ა-ში ეპატიჟებიან.
წყაროს ცნობით, იანვარში განსახორციელებელი ტრანსფერების სიაში გიორგი მიქაუტაძეც მოიაზრება. შონ დაიჩს პირადად სურს ქართველი ფეხბურთელის გადაბირება, თუმცა, თუ Goodisonnews-ს დავუჯერებთ, ტრანსფერი 2025 წლის პირველ თვეში ნაკლებად სავარაუდოა. მცდელობა აუცილებლად იქნება, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ ჟორჟის გადაბირება გალათასარაისაც სურს და მზად არის 18 მილიონი ევრო გადაიხადოს. თურქულმა კლუბმა თავდაპირველად სწორედ აღნიშნული თანხა გამოყო, მაგრამ ლიონი არ დათანხმდა.
გალა დანებებას არ აპირებს და თურქული მედიის ინფორმაციით, სატრანსფერო თანხას აუცილებლად გაზრდის. ფრანგებს მინიმუმ 23 მილიონი ევროს მიღება სურთ.
ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.