იტალიელი ჟურნალისტი: “კვარას იანვარში გავყიდდი“
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია.
ამასთან დაკავშირებით, იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო კარესა თავის თეორიას აყალიბებს და ამბობს, რომ ის ხვიჩას იანვარში გაყიდდა.
კარესა:
„პირველ რიგში სპინაცოლას გავყიდდი, რადგან ნაპოლიში განსხვავებული ხასიათის მქონე ფეხბურთელის ხილვა მსურს. ასევე, თუ კვარაცხელია კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს მას იანვარში გავყიდდი, ბევრ ფულს ვიშოვიდი და 3 ახალ ფეხბურთელს მოვიყვანდი. გუნდში არც რასპადორის დავტოვებდი, რადგან მას კონტე არ ენდობა. რასპადორის ნაცვლად ლუკაკუს სტილის თავდამსხმელს ვიყიდდი.“
ბოლო ცნობები კვარას კონტრაქტზე
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, ნაპოლის სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას უკანასკნელმა შეხვედრამ ფეხბურთელის მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან და აგენტ მამუკა ჯუღელთან კონკრეტული შედეგები ვერ მოიტანა. თუმცა, ამის გამო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ ნერვიულობს, რადგან მას ფიფას აგენტის კრისტიან ძაკარდოს დიდი იმედი აქვს, რომელიც თავის დროზე ნეაპოლურ კლუბში კვარას ტრანსფერის მთავარი შუამავალი იყო.
წლევანდელ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 5 გოლთან ერთად, 3 საგოლე პასიცაა. ცოტა ხნის წინ კი, 24 წლის ქართველი ფეხბურთელის ეფექტური გოლი ვერონას კარში ნაპოლის მიერ 2024 წელს გატანილ ბურთებს შორის საუკეთესოდ დაასახელეს.