“ნეგატიური მთავარი გმირი“ - იტალიურმა მედიამ გოგლიჩიძე გააკრიტიკა
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ კედლებში „ჯენოას“ დაუპირისპირდა. ტოსკანელებმა ზედიზედ მესამე მარცხი იწვნიეს - ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გამოცემა PianetaEmpoli-მ ჯვაროსნების უკანახაზელი გააკრიტიკა.
PianetaEmpoli:
„მეორე ტაიმი ემპოლისთვის ყველაზე ცუდად დაიწყო. 47-ე წუტზე გოგლიჩიძის კატასტროფამ ჯენოას გოლი მოუტანა. ქართველმა მცველმა შეცდომა ჯერ ბურთის მიღებისას დაუშვა, შემდეგ გამოტანისას. ამით კი მოწინააღმდეგეს გოლი გაატანინა. წაგების მიუხედავად, ემპოლიმ ხასიათი გამოავლინა. გუნდი ინდივიდუალური შეცდომების გამო დამარცხდა. ახლა ნეგატიურ მთავარ გმირს გოგლიჩიძეს და გრასის სწრაფად მოუწევთ თავის აწევა.“
შეგახსენებთ, რომ ქართველმა უკანახაზელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მინდორზე 71 წუთი დაყო. სამწუხაროდ, ჯენოას პირველი გოლი სწორედ საბას არადამაჯერებელ თამაშს მოჰყვა, როდესაც ახალგაზრდა მცველი ზედიზედ ორჯერ შეცდა.
მისი სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 39 შეხება, 1 უხეში შეცდომა, 30-დან 23 ზუსტად შესრულებული პასი (77%), 9-დან 6 ზუსტი გრძელი პასი, 8 დაკარგული ბურთი, 6-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა, 2-დან 2 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთის 3 ამოტანა და 3 ართმევა. გოგლიჩიძე ერთხელ დაჯარიმდა და მეტოქესაც ერთხელ დაარღვევინა წესები.
ცნობისთვის, ემპოლის 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს სტუმრად ვენეციას წინააღმდეგ გამართავს.