ალისონი: “სლოტის ლივერპულს რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეუძლია“
როგორც მოგეხსენებათ, ალისონ ბეკერს ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა. ის დაბრუნდა და საკმაოდ კარგ ფორმაშიც იმყოფება. ბრაზილიელმა კარის დარაჯმა ინტერვიუებისთვის მოიცალა და BBC Sport-ს ესაუბრა.
ალისონი:
„იურგენ კლოპის გაწვრთნილი ლივერპული მართლაც განსაკუთრებული იყო. ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ეს იყო პრემიერ ლიგის პირველი ტიტული დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. ასევე, ერთად მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა.
შედარება დღევანდელ გუნდთან? ეს ძალიან რთულია. რაც მახარებს არის ის შემართება, რაც ახლა გვაქვს. ჩვენი ხარისხი უმაღლეს დონეზეა. ამ ფორმაციის ლივერპულს რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეუძლია.
სტილის შედარება? არა კლოპის და სლოტის სტილი ერთმანეთს არ ჰგავს. იმ გუნდიდან, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რამდენიმე მოთამაშე რჩება გუნდში, მაგრამ ჩვენ განსხვავებული სტილი ჩამოგვიყალიბდა. უფრო მეტად ინტენსიურები გავხდით.“
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ, მიმდინარე სეზონში მერსისაიდული გრანდი არნე სლოტმა ჩაიბარა.
ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ადგილს იკავებს და ასევე პრემიერ ლიგას ლიდერობს. დღემდე არნე სლოტი თავის გუნდს ყველა ტურნირზე ერთად 26-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 22 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.